რადოსლავ სიკორსკი – ჩვენი პოპულისტური ოპოზიცია, სამწუხაროდ, უარს ამბობს საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის დაკარგვაზე, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გააგრძელებს კონსტიტუციის დაცვას
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ არსებული დაპირისპირება კანონის უზენაესობის აღდგენას ეხება იმ ინსტიტუტში, რომელიც პოლიტიზებული იყო წინა, პოპულისტური მთავრობის მიერ, — ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს.
მისივე თქმით, პოლონეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსამართლეთა ახალი უმრავლესობა პარლამენტმა სათანადოდ აირჩია.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსამართლეთა ახალი უმრავლესობა სათანადოდ აირჩია პარლამენტმა. ტრიბუნალის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსლება ეწურება, განაგრძო მათი დაბლოკვა. ახალი უმრავლესობის ყველაზე მაღალი რანგის მოსამართლემ ტრიბუნალის შენობა აიღო და პოლიციას დაცვა სთხოვა. ჩვენი პოპულისტური ოპოზიცია, სამწუხაროდ, უარს ამბობს ტრიბუნალზე კონტროლის დაკარგვაზე. დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გააგრძელებს კონსტიტუციის დაცვას“, — წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ამასთან, სიკორსკის თქმით, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი პოლონეთის წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიზებული იყო.
„პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ არსებული დაპირისპირება კანონის უზენაესობის აღდგენას ეხება იმ ინსტიტუტში, რომელიც პოლიტიზებული იყო პოპულისტური მთავრობის მიერ. მათ 2023 წლის არჩევნებში დაკარგეს ძალაუფლება. მისმა პრეზიდენტმა არაერთხელ დაარღვია კანონი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების პირადად შერჩეულ მოსამართლეებისთვის გადაცემით. მან ვერ შეძლო საკუთარი ბიუჯეტის მიღება“, — განაცხადა სკორსკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.
ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.