რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ ზელენსკის ვუთხარით, რომ ყველაზე ცუდი, რაც ახლა შეუძლია გააკეთოს, კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტაა, უკრაინელები პატიოსანი, ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, არ შეზღუდოს კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ სიკორსკიმ „პოლსატთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები ამჟამად ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან და ამიტომ მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან უარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
„ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარით, რომ ყველაზე ცუდი, რაც მას ახლა შეუძლია, გააკეთოს, კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტაა. უკრაინელები პატიოსანი, ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. კანონს უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს განიხილავს.