რადოსლავ სიკორსკი – ჩინეთს შეუძლია, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის მუქარით, უკრაინაში ომი დაასრულოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინაში ომი შესაძლოა დასრულდეს, თუ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით დაემუქრება.
სიკორსკის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთზე სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, პუტინი ჩინეთზე სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული. ის სულ უფრო მეტად ანადგურებს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ვერ ვხედავ, რომ ის დასახული მიზნების მიღწევასთან ახლოს იყოს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
როგორც პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთი სხვა ქვეყნების შეცდომებით სარგებლობს.
„ჩინეთი ძალაუფლებას ზრდის ისე, რომ ზედმეტ ომებში არ ერთვება. ჩინეთი სხვების შეცდომებით სარგებლობს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთს უკრაინაში ომის დასრულებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
„ვგულისხმობ, რომ ომი შეიძლება დასრულდეს, თუ პრეზიდენტი სი ძინპინი პუტინს ეტყვის: „დაასრულე ეს ომი, რადგან საკუთარ თავს საფრთხეს უქმნი და ეს უკვე მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა. თუ ასე არ მოიქცევი, შენთან ვაჭრობას შევწყვეტ“. ამან შეიძლება ომი დაასრულოს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
ამასთან, სიკორსკიმ მოსკოვის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას მხოლოდ აძლიერებს.
„ეს ომი ძალიან რეალურ, ფიზიკურ მოქმედებებსაც მოიცავს: ფრთოსან რაკეტებს, დრონებს, მკვლელობებს, ცეცხლის წაკიდების შემთხვევებსა და სახელმწიფო ტერორიზმს. რუსეთი ჩვენს საზღვრებსა და ჩვენს რეაქციებს ცდის“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია, დასავლეთის საზოგადოებას საკუთარ მთავრობებზე ზეწოლისკენ უბიძგოს, რათა მათ უკრაინის დახმარება შეწყვიტონ.
„ვფიქრობ, ამ თამაშის მიზანია, დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა დაარწმუნონ, მხარი არ დაუჭირონ საკუთარი მთავრობების გადაწყვეტილებას, უკრაინას დახმარება გაუწიონ. მიკვირს, რომ რუსებს, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ კარგი ფსიქოლოგები არიან, არ ესმით, რომ მსგავსი ქმედებები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავეხმაროთ უკრაინას“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.