რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მზად არის, უკრაინისთვის ამერიკული იარაღი შეიძინოს
პოლონეთი მზადაა, PURL-ის მექანიზმს შეუერთდეს და უკრაინისთვის ამერიკული იარაღი შეიძინოს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი ამ მიზნით 2025 წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
„ჩვენ ვაპირებთ, ბიუჯეტიდან 100 მილიონი დოლარი გადავიტანოთ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის PURL-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ იარაღს ვყიდულობთ. ეს თანხა 2025 წლის ბოლომდე გადაირიცხება“, – აცხადებს რადოსლავ სიკორსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში დაწყებული PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამის ფარგლებში ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.