რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ნატო-მ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების საკითხი უნდა განიხილოს

14:15, 14.09.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ნატო-მ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების საკითხი უნდა განიხილოს.

მისი თქმით, ამ თემაზე როგორც ნატო-ს შიგნით, ისე თავად პოლონეთში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა.

ამის შესახებ სიკორსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ფრთოსანი რაკეტა როცა ჩვენკენ მოდის – სულ რაღაც ერთი თვის წინ ერთ-ერთი ასეთი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქდა – თავდაცვის მიზნით მისი ჩამოგდება ბევრად უკეთესი იქნება მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იმყოფება, ვიდრე დავუშვათ ვითარება, როცა მას ჩამოაგდებენ და ნამსხვრევები საზღვრის ამ მხარეს ვინმეს დაეცემა“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომა დაეხმარებოდა როგორც უკრაინას, ისე პოლონეთს.

„ფრენებისთვის დახურული ზონის შექმნას და დასავლეთ უკრაინის დაცვას თუ შევძლებდით, მაგალითად, უკრაინას ლვოვის აეროპორტის ხელახლა გახსნის შესაძლებლობას გავუჩენდით, ამით როგორც უკრაინას, ისე საკუთარ თავს დავეხმარებოდით“, – განაცხადა სიკორსკიმ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე ობიექტზე. დაზიანდა კიევი–ვარშავის მატარებლის ლოკომოტივი და ვოლინის ოლქში, იაგოდინის სადგურთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგური. უკრაინის დასავლეთში მდებარე რეგიონებზე დარტყმები 12 სექტემბრიდან გრძელდება. რუსეთის დრონებმა იერიში მიიტანეს მატარებლებსა და რკინიგზის სადგურებზე.

მსგავსი