რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ადრე არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება მოკავშირეების შიდა დავებში ჩაურევლობაზე, თუმცა ტრამპმა ეს დაარღვია, როცა ნავროცკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ადრე არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება მოკავშირეების შიდა დავებში ჩაურევლობაზე, თუმცა ტრამპმა ეს დაარღვია, როცა ნავროცკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ. ამის შესახებ სიკორსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

დისკუსიისას სიკორსკი საუბრობდა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იმ ანალიტიკური ცენტრებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებიც შეესაბამება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ დღის წესრიგს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ადრე არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება მოკავშირეების შიდა პოლიტიკურ დავებში ჩაურევლობის შესახებ, თუმცა ტრამპმა ეს წესი დაარღვია, როდესაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

„ადრე ჩვენ არ ვერეოდით ერთმანეთის პოლიტიკაში, თუმცა დემოკრატიის სახელით ვერეოდით ავტოკრატიული რეჟიმების პოლიტიკაში. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება. ეს სრულიად აღმაშფოთებელია. პოლონეთის შემთხვევაში კი ეს არარაციონალურია“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, პოლონეთი მრავალი წლის განმავლობაში ევროპის ყველაზე პროამერიკული ქვეყანა იყო.

„შეერთებულ შტატებს არჩევნების პერიოდში იდეალური ვითარება ჰქონდა, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, ვინ იქნებოდა უფრო პროამერიკული. როცა თქვენ იწყებთ მხარეების არჩევას, დინამიკა სრულიად იცვლება“, – თქვა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის შარშანდელი გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მან ევროპა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ცენზურაში დაადანაშაულა.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე მოძრაობების მიმართ გარკვეული შეზღუდვები არსებობს კონკრეტული მიზეზების გამო.

„ევროპაში მნიშვნელოვან ისტორიულ მიზეზთა გამო, მაგალითად, პოლონეთში, ფაშიზმისა და კომუნიზმის მხარდაჭერა აკრძალულია. ჩვენ გვწამს პასუხისმგებლიანი სიტყვის თავისუფლება, ხოლო ის, რაც აქ ერთი წლის წინ მოხდა, იყო ის, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გვითხრა, თითქოს ჩვენი გაგება სიტყვის თავისუფლების შესახებ ცენზურაა, და ამას მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, ამერიკული პოზიციის ევროპელებისთვის თავს მოხვევა მიუღებელია.

„სირთულე, რომელსაც ახლა ვებრძვით, მდგომარეობს იმაში, რომ ატლანტიკის ერთი მხარე ცდილობს, საკუთარი ღირებულებები მეორე მხარეს მოახვიოს თავს და ეს დაუშვებელია“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, 5 დეკემბერს აშშ-მა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. დოკუმენტი აკრიტიკებს ევროკავშირს, მათ შორის „სიტყვის თავისუფლების ცენზურისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობისთვის“.