რადიო პირველი არხის რადიოსპექტაკლი „მოგზაურობა აფრიკაში“ PRIX EUROPA 2018-ის ნომინანტია
რადიო პირველი არხის რადიოსპექტაკლი „მოგზაურობა აფრიკაში“ PRIX EUROPA 2018-ის ნომინანტია

რადიო პირველი არხის რადიოთეატრი 2018 წლის ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის, PRIX EUROPA 2018-ის მხატვრული რადიოპროდუქციის კატეგორიაშია ნომინირებული.

ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის ჟიურიმ რადიოსპექტაკლი „მოგზაურობა აფრიკაში“ ევროპის 21 ქვეყნის მიერ წარდგენილ 29 კონკურსანტთან ერთად ნომინანტად დაასახელა. ჟიურის წევრები სპექტაკლს ქართულ ენაზე მოისმენენ, სცენარს ინგლისურ ენაზე გაეცნობიან და გამარჯვებულს 19 ოქტომბერს გამოავლენენ.

რადიოსპექტაკლი „მოგზაურობა აფრიკაში“ ნუგზარ შატაიძის მოთხრობის მიხედვით შეიქმნა, რომელიც მის ხსოვნას ეძღვნება. ამასთან, რადიოსპექტაკლის რეჟისორია ზურაბ კანდელაკი, ხოლო ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია.

2018 წელს რადიოთეატრისთვის საერთაშორისო ფესტივალებზე ეს უკვე მესამე წარმატებაა:

1. მარულიჩის პრიზი (PRIZ MARULIC) – მინი რადიოსპექტაკლი „თუ კი… ანუ კიდევ ერთხელ მისტიფიკაცია თემაზე – სიყვარული… სიყვარული და სენტიმენტალური დონ ჟუანი“.

2. კოტე ჯანდიერის რადიოპიესა „მოკლე ჩართვა“ – პრიზ ნოვა (PRIX NOVA) (აღნიშნული სპექტაკლი ასევე ნომინირებული იყო 2017 წლის პრიზ ევროპას ფინალში, სადაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა).

3. რადიოსპექტაკლი „მოგზაურობა აფრიკაში“ – PRIX EUROPA 2018.

ევროპის მაუწყებელთა ფესტივალი PRIX EUROPA 1987 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ის ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ფესტივალია ტელე-რადიო და ონლაინმედიისთვის.