„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო - ევროპარლამენტი გეგმავს, გამოვიდეს მოწოდებით, ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს შორის „საერთო ეკონომიკური სივრცე“ შეიქმნას
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო - ევროპარლამენტი გეგმავს, გამოვიდეს მოწოდებით, ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს შორის „საერთო ეკონომიკური სივრცე“ შეიქმნას

ევროპარლამენტი გეგმავს, გამოვიდეს მოწოდებით, რომ ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს წევრს შორის „საერთო ეკონომიკური სივრცე“ შეიქმნას. შესაბამისი მოწოდებით დოკუმენტის პროექტი ევროპარლამენტში შემუშავდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა აღნიშნული ექვსი ქვეყნის ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის ნაწილად მოიაზრება.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, დოკუმენტის განხილვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უახლოეს კვირებში გაიმართება და შესაძლოა, ინიციატივას პლენარულ სესიაზე მაისში უყარონ კენჭი.

პროექტი ასევე გმობს, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უკანონო ოკუპაციას და დესტაბილიზაციას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 18 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა როგორც „რადიო თავისუფლება“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კორონავირუსის პანდემიის გამო სამიტი შესაძლოა, გადაიდოს მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ადასტურებს, „აღმოსავლეთ პარტნიორების“ სუვერენულ უფლებას, თავისუფლად აირჩიოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ინდივიდუალური დონე. ანგარიშის თანახმად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას შეუძლია, დააჩქაროს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრებს სურთ, დაიწყონ საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, რომელიც უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებას დააჩქარებს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ (EaP) წარმოადგენს კოლექტიურ პოლიტიკურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას ევროკავშირს (EU), მის წევრ სახელმწიფოებსა და მის ექვს აღმოსავლელ მეზობელს შორის, რომლებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.