რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანაშაული უკრაინის ხელისუფლებაზე შურისძიების მიზნით ჩაიდინა
უკრაინის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანაშაული უკრაინის ხელისუფლებაზე შურისძიების მიზნით ჩაიდინა. ამის შესახებ მან ლვოვში გამართული სასამართლო სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული. ჟურნალისტების ცნობით, მისი სახელია მიხაილ სცელნიკოვი.
„ვაღიარებ. მე ის მოვკალი. მე მინდა, ვითხოვო, რომ გამცვალონ სამხედრო ტყვეებში, რათა შევძლო რუსეთში გამგზავრება და ჩემი შვილის ცხედრის პოვნა“, – განაცხადა პარუბის ეჭვმიტანილმა სასამართლო დარბაზში.
მან ასევე ტყუილი უწოდა გავრცელებულ ცნობას, რომ რუსული სპეცსამსახურები აშანტაჟებდნენ და ომში დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციას ჰპირდებოდნენ. კითხვაზე, რატომ აარჩია პარუბის მკვლელობა, სცელნიკოვმა თქვა, რომ ის უბრალოდ „ახლოს“ აღმოჩნდა.
„მე რომ მეცხოვრა ვინიცაში, მაშინ ეს იქნებოდა პეტია“, – თქვა ეჭვმიტანილმა.
უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ის უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს გულისხმობდა.
უკრაინული მედიის ცნობით, პირველი დაკითხვის დროს პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი შვილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ბახმუტთან გაუჩინარდა 2023 წელს. მისივე თქმით, მან შვილის ძებნა დაიწყო და ამ დროს შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი ვაჟი დაიღუპა.
უკრაინული მედია ასევე წერს, რომ უკრაინული სპეცსამსახურები სკეპტიკურად არიან განწყობილი იმ ვერსიის მიმართ, რომ ეჭვმიტანილი პარუბის მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებთან კონტაქტის და მათგან შვილის ცხედრის გადაცემის შესახებ დაპირების მიღების შემდეგ დათანხმდა.
ლვოვის სასამართლომ უკრაინის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მკვლელობაში ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ფლობაში ედება ბრალი.
ანდრეი პარუბი უკრაინის რადას სპიკერი იყო 2016-2019 წლებში. ის ამ თანამდებობაზე „ევრომაიდნის“ შემდეგ დაინიშნა. პარუბი 30 აგვისტოს ლვოვში მოკლეს.