რადას გადაწყვეტილებით, უკრაინის ხელისუფლება ანექსირებულ ყირიმს სასმელ წყალს დეოკუპაციამდე არ მიაწოდებს
რადას გადაწყვეტილებით, უკრაინის ხელისუფლება ანექსირებულ ყირიმს სასმელ წყალს დეოკუპაციამდე არ მიაწოდებს

უკრაინის ხელისუფლება ანექსირებულ ყირიმს სასმელ წყალს დეოკუპაციამდე არ მიაწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება რადას ადამიანის უფლებების, დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის, ეროვნული უმცირესობებისა და ეთნოსთა შორის ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

„კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მკაფიო პოზიცია, რომ ყირიმში წყალმომარაგების საკითხის განხილვა დაუშვებელია, ვიდრე ნახევარკუნძული ანექსირებულია“, – განაცხადა ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იური გუსევმა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ყირიმისთვის წყლის მიწოდება არასოდეს ყოფილა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების თემა.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქ სიმფეროპოლში სასმელი წყლის უკმარისობაა. საპასუხოდ, უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ თქვა, რომ კიევმა წყლის სანაცვლოდ რუსეთისგან „შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა“ და საზღვარზე უკრაინის კონტროლის დაწესება უნდა მოითხოვოს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ დონბასში დათმობების სანაცვლოდ, ყირიმისთვის წყლის მიწოდებაზე განცხადება, დავით არახამიას პირადი მოსაზრებაა.

დატოვე კომენტარი