რადა ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს

13:13, 05.07.2018

უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, შესაბამის მიმართვას  პარლამენტის 233-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

უკრაინის უმაღლესი რადა ბრიუსელისგან ელოდება ევროკავშირში გაზის მიწოდებისთვის უკრაინის, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს სტრატეგიული როლის დადასტურებას. უკრაინა-ევროკავშირის სამიტის წინ, უკრაინის პარლამენტი მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა უკრაინელი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად.

ამავე დროს კიევი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს ზომები გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის შესაჩერებლად.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9 ივლისს გაიმართება. სამიტზე განიხილება ასოცირების შეთანხმების განხორციელება, მინსკის შეთანხმებების შესრულება და რუსეთის აგრესიის პირობებში სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე უკრაინაში მიმდინარე რეფორმები.

მსგავსი