რაჭის რეგიონში რთველი იწყება
რაჭის რეგიონში რთველი იწყება

რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,სოლომონ პავლიაშვილმა  მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რთველის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მევენახეებსა და მეღვინეებს შორის აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ისევე როგორც კახეთში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ რაჭის მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეთ“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

წელს, რაჭის რეგიონში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის 1 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამბროლაურში განთავსებულ შტაბში სრულად მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში მევენახეები ყურძნის კრეფას გამოდარებისთანავე დაიწყებენ.

ამასთან, დასკვნით ეტაპზეა რთველი კახეთის რეგიონში. 9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 263 ათას ტონამდე ყურძენი.