რაჭაში სტიქიის შედეგად წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება
რაჭაში სტიქიის შედეგად წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რეგიონში გაემგზავრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა ონში, სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

„პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

„რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.