რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე გიორგი წერეთელი.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით.

„დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.  უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

„რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.