რაჭაში, შვიდ სოფელში, საავტომობილო მოძრაობა აღდგა, სამანქანო გზის გარეშე კიდევ ხუთი სოფელია დარჩენილი
რაჭაში, შვიდ სოფელში, საავტომობილო მოძრაობა აღდგა, სამანქანო გზის გარეშე კიდევ ხუთი სოფელია დარჩენილი

რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შვიდ სოფელში საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ჯერჯერობით სამანქანო გზის გარეშე ხუთი სოფელი არის დარჩენილი და ამ სოფლების ნაწილთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით ხორციელდება.

ამასთან, ორ სოფელთან- ჯინჭვისთან და გონასთან მიმოსვლა ხიდთან არსებული დროებითი გადასასვლელის გავლით არის შესაძლებელი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში დროებითი გადასასვლელებით აღდგენილია 118-ე და 127-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი გზის მონაკვეთები და სწორედ ამ ტერიტორიის გავლით გახდა შესძლებელი სპეციალური ტექნიკის ასვლა 128-ე კმ-ზე მდებარე ერთ-ერთ რთულ ჩაშლილ მონაკვეთზე, სადაც გზის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთიდან საგლოლოს ხიდამდე სამუშაოები ჩასატარებელია კიდევ სამი ჩაწყვეტილი გზის აღსადგენად, ასევე ამ ტიპის სამუშაოები განხორციელდება საგლოლოს ხიდიდან კიდევ ორ მონაკვეთზე- ხიდთან მისასვლელი გზისა და ღების მიმართულებით.

საერთო ჯამში, ონში ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით ორი კილომეტრია.