რაჭაში საკურორტო და სტიქიის ზონებიდან უკვე 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს
რაჭაში საკურორტო და სტიქიის ზონებიდან უკვე 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, გრძელდება მოქალაქეთა გამოყვანა საკურორტო და სტიქიის ზონებიდან, ასევე მოქალაქეების საკვებითა და მედიკამენტებით მომარაგება.

„ახლა აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. წუხელ ხუთ სოფელს აღუდგა ელექტროენერგიის მომარაგება. დღის ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ სამ სოფელში აღდგეს. ასევე, 400 აბონენტს ქალაქ ონში წყალმომარაგება აღუდგა, 150-მდე ადამიანი გადმოყვანილია საკურორტო და სტიქიის ზონებიდან“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალზე კრიტიკული ობიექტების შემოვლითი გზის აღდგენა.

„ზარალს ვერ ვითვლით, რადგან ძალიან დიდია და რამდენიმე დღე დასჭირდება დათვლას. ხიდებზეც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს სამუშაოების შესრულება. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ძალიან რთული სამუშაოებია და ასე ვერ ვიტყვით, რამდენი დღე დასჭირდება. დაახლოებით 10 დღე, თუ კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა. ვერტმფრენები მობილიზებულია და თუ ვინმე გადმოყვანის სურვილს გამოთქვამს, აუცილებლად მოხდება მისი გადმოყვანა. სადაც პროდუქტისა და მედიკამენტების დეფიციტია, ოპერატიულად ხდება მიწოდება“, – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.