რაჭაში „ონის კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
რაჭაში „ონის კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

რაჭაში, ონში მოძრაობა „არა ონის კასკადს“ წევრების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობის წევრები და ზემო რაჭის მოსახლეობა „ონის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებს. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, „არა ონის კასკადს“ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ თანამშრომლობს.

მათი თქმით, ექსპერტები აცხადებენ, რომ „ონის კასკადის“ პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც მის უსაფრთხოებას დაადასტურებს. პროექტი განხორციელების შემთხვევაში, ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ონის გამგეობაში პროექტის საჯარო განხილვის შესახებ საზოგადოებას არ ეცნობა და ადგილობრივებმა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციისგან მხოლოდ წინა დღეს მიიღეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ბადებს იმის ეჭვს, რომ პროექტი სახიფათოა და სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა მისცენ კომპანია „ფერს“ მისი განხორციელების ნებართვა.

აქციას მონაწილეები სვანეთიდან და თბილისიდანაც შეუერთდნენ.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ფერს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმდა.