რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე მეწყერი დაახლოებით ხუთ ადგილზე ჩამოწვა
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე მეწყერი დაახლოებით ხუთ ადგილზე ჩამოწვა. ამის შესახებ პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია ჩანქსელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სტიქიის გამო მოძრაობა აკრძალულია სოფელ საყდართან.
„ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე არის სოფელი საყდარი, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად გადაკეტილია ამ ეტაპზე მოძრაობა. მიუხედავად რთული პირობებისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოახდინა შესაბამისი ტექნიკის დროულად მობილიზება. მიუხედავად ინტენსიური ნალექისა, მიმდინარეობს სამუშაოები“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.
მისივე თქმით, შექმნილია საგანგებო შტაბი, სამხარეო ადმინისტრაციას კონტაქტი აქვს სოფლებში ადგილობრივ რწმუნებულებთან, მძიმე ტექნიკა კი მუშაობას დილიდან განაახლებს.
„რამდენიმე საათის წინ ისევ განმეორდა ძლიერი წვიმა. ამ ეტაპზე ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დაახლოებით ხუთ ადგილზეა მეწყერი ჩამოსული. ასევე, მეორე მიმართულებაა, სადაც მდინარემ დატოვა კალაპოტი, გადმოვიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მთლიანად წაიღო გზა და ასევე ხიდს შეუქმნა ძალიან დიდი პრობლემები. ამ ეტაპზე სოფლამდე მისვლა შეუძლებელია. განმეორებით ისევ ველოდებით წვიმას და, სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, დილის 06:00 საათიდან ისევ განახლდება ტექნიკა. ყველა სოფელში გვაქვს კონტაქტი ადგილობრივ რწმუნებულებთან და გვაქვს ყველა ინფორმაცია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. საგანგებო შტაბი შევქმენით და ვაკონტროლეთ მაქსიმალურად. რამოდენიმე სოფელში ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა და რადგან გადაადგილება ვერ ხერხდება, ინფორმაცია გვაქვს სოფლის რწმუნებულებისგან. საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო ძლიერი წვიმა. ამ ეტაპზე წვიმა არ არის, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ დილის 05:00 საათიდან ისევ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და მაქსიმალურად ვემზადებით, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა“, – აღნიშნა ბერდია ჩანქსელიანმა.