რაც არ უნდა მოხდეს, „რეალი" ყოველთვის ცოცხალი რჩება - ევროპული პრესა „რეალი"-„ბაიერნზე"
რაც არ უნდა მოხდეს, „რეალი" ყოველთვის ცოცხალი რჩება - ევროპული პრესა „რეალი"-„ბაიერნზე"

რას წერს ევროპული პრესა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალის” გასვლაზე.

DAILY MAIL – “რეალის” დაცვას სალაჰთან პრობლემები ექნება”

„თუ “ლივერპული” ფინალში გააღწევს, შეუძლია უშიშრად გაემგზავროს კიევში. “რეალი” ფინალში გასვლას “ბაიერნის” მეკარის, სვენ ულრაიხის შეცდომას, მსაჯობასა და თავის მეკარე კეილორ ნავასს უნდა უმადლოდეს.
თუ მადრიდელები შეძლებენ მოგებას, ეს მათი მე-13 ტიტული იქნება, მაგრამ ეს “თუ” დღეს საკმაოდ აქტუალურია.

რა თქმა უნდა, “რეალმა” აჩვენა ხასიათი, სწორედ ამის გამოა ამ გუნდის მოგებები სერიული, მაგრამ დაცვა იმდენად ცუდი იყო, რომ, ცხადია, დიდი პრობლემები ექნება სალაჰისა და კომპანიის წინააღმდეგ.

ორივე გუნდი საშინლად იცავდა თავს. “ბაიერნმა” საშუალება მისცა მეტოქეს, ბენზემას პირველი გოლის შემთხვევაში, გზა ერთი კარიდან მეორემდე წინააღმდეგობის გარეშე გაევლო. “რეალს” ​კაზემიროს გარეშე გაუჭირდა, რომელიც, ბევრისთვის მოულოდნელად, თადარიგში დარჩა.

მასპინძლებს ძალიან უმართლებდათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსაჯმა ვერ დაინახა, როგორ ითამაშა მარსელომ ხელით საკუთარ საჯარიმოში. მადრიდელებმა გაძლეს საფინალო სასტვენამდე. მათ საზეიმო მაისურებიც კი ჰქონდათ მომზადებული, შემდეგ კი საკუთარი ბავშვები გაიყვანეს მინდორზე. ძალიან მარტივია – “რეალი” ისევ ფინალშია“.

AS – „ფინალი გმირი კეილორ ნავასისთვის

„რეალი” მწვერვალზე ბრუნდება, დიდწილად თავისი მეკარის კეილორ ნავასის დიადი თამაშის წყალობით. მისმა გმირულმა მოქმედებამ გააძლებინა გუნდს “ბაიერნის” წინააღმდეგ მატჩში, არადა უკვე მესამე წუთისთვის “რეალმა” სანახევროდ გაფლანგა თავისი უპირატესობა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” პლეი ოფის ბოლო სამ მატჩში მასპინძლები ყოველთვის პირველები უშვებდნენ ბურთს.

კაზემიროს არყოფნაში “რეალმა” ინიციატივა მისცა “ბაიერნს”. დიდი ხანია, “ბერნაბეუზე” არ უნახავთ ასეთი განრისხებული, ამაყი, სერიოზული და სასტიკი მეტოქე. “ბაიერნი” დამპყრობელივით იყო, ინიციატივა თავის ხელში აიღო და ამ დაპირისპირებაში ვერ მოიგო მხოლოდ დაცვაში არაორგანიზებულობის გამო”.

Marca – „რეალი” ყოველთვის ცოცხალი რჩება”

„გიჟური მატჩი გამოვიდა, ასეთები დიდი ხნით გვამახსოვრდება. “რეალს” გადარჩენის დაუჯერებელი ინსტინქტი აქვს – რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის ცოცხალი რჩება. “ბაიერნი” მთელი ძალით ცდილობდა გამარჯვების გოლის გატანას და ბოლო წუთამდე სჯეროდა მოგების, მაგრამ ეს კეილორ ნავასის დღე იყო, რომელიც ყველანაირ ბურთს იჭერდა. და კიდევ იყო ქარიმ ბენზემა, რომელსაც ხშირად არ უწევს თამაში. სწორედ ამ ბიჭებმა გადაარჩინეს “რეალი”.

Kicker – „სპექტაკლი მადრიდში”

“ბაიერნს” ერთი გოლი დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. გუნდმა ვერ ისარგებლა მრავალრიცხოვანი მომენტებით, მეკარე ულრაიხმა კი თავისი შეცდომით მხოლოდ გაართულა ამოცანა. “ბაიერნმა” ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩის სასტარტო წუთები და გახსნა ანგარიში, ამის შემდეგ გუნდებმა უსწრაფეს ტემპში გააგრძელეს თამაში. ამ ბრძოლაში “ბაიერნი” ოდნავ ძლიერი იყო, “რეალს” განსაკუთრებით ფლანგებზე თავდაცვისას უჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმის წარუმატებელმა დასაწყისმა გადაუსვა ხაზი მიუნხენელთა მონდომებას.

მართალია, “ბაიერნი” არ დანებდა, გააგრძელა ზეწოლა და შეტევა, მაგრამ მხოლოდ მონდომება საკმარისი არ იყო. გუნდს აკლდა იღბალი, ამასთან, კარიერის მატჩი ითამაშა კეილორ ნავასმა“.