რაბათის ციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა.

გაიმართა ფლეშმობი და გაიშალა საქართველოს დროშა. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმოდ აინთო 100 წლის საიუბილეო ინსტალაცია.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება, მათ შორის ჩატარდა ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები, გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა ძველი ბაზარი, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა ნაწარმს ყიდდნენ.

აღმართულია ისტორიული დოკუმენტების ამსახველი შემეცნებით-საინფორმაციო გამოფენა-სტენდი.

ბავშვებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება და თოჯინების თეატრი.

შეიქმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის იმიტაცია, სადაც ბავშვებს ადგილზე აღებული პასპორტებით შეეძლოთ მოგზაურობა. ღონისძიებას გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.