რა ვითარებაა ვარკეთილში მდებარე კორპუსში, საიდანაც 18 ოჯახი გაასახლეს [ვიდეო]

ვარკეთილში მდებარე კორპუსში, საიდანაც დღეს 18 ოჯახი გაასახლეს, გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ვიდეომასალას, თუ რა ვითარებაა ავარიულ კორპუსში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, სადარბაზოდან 18 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ყველა შესაბამისი სამსახურის ჯგუფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.