რა ვითარებაა სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, სადაც კარანტინში 33 ადამიანი იმყოფება [ფოტო-ვიდეო]

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში 33 ადამიანია მოთავსებული. „ვივამედში“ განთავსებული საკარანტინო ზონა დღეს ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფ პაციენტებზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

„კარანტინში 33 ადამიანია მოთავსებული. როგორც ხედავთ, იქ არის სითბო და არ არის სიცივე, როგორც რამდენიმე დღის წინ გაშუქდა ტელევიზიებით. აქვთ სამჯერადი კვება და აქვთ ყველა ის პირობა შექმნილი, რაც უნდა იყოს კარანტინით განსაზღვრულ პირობებში. დღეში სამჯერ მათ ნახულობს ეპიდემიოლოგი და ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, საინკუბაციო პერიოდის ვადაში თუ რამე გართულდება, გადავიყვანთ ინფექციურ საავადმყოფოში. მინდა, განვმარტო, რომ მათთვის ტესტის აღება მოხდება მას შემდეგ, რაც დაუფიქსირდებათ კორონავირუსის სიმპტომები“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა. მისი თქმით, კარანტინში აქვთ სამჯერადი კვება და ასევე მედიკოსები დღეში სამჯერ ტემპერატურასაც უმოწმებენ. ტერიტორიას დაცვის პოლიცია იცავს.