რა უნდა გავითვალისწინოთ კოვიდ-სერტიფიკატით საზღვარგარეთ გამგზავრებამდე
რა უნდა გავითვალისწინოთ კოვიდ-სერტიფიკატით საზღვარგარეთ გამგზავრებამდე

ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, საქართველოც მიუერთდა. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატითა და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია განმარტებული, ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის საჭიროა, მოქალაქეებმა App Store-იდან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

აპლიკაცია აჩვენებს ინფორმაციას პირის სტატუსის (ვაქცინაციის, ტესტირებისა და „კოვიდ-19“-ის გადატანის) შესახებ.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და აიღოს კოვიდ-ბარათი. თუ მოქალაქეს 17 ნოემბრამდე უკვე აღებული აქვს კოვიდ-ბარათი, აუცილებელია მისი განახლება.

ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, პირმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით უნდა გადაამოწმოს, რა პოლიტიკას/რეგულაციებს იყენებს ესა თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციაში.