რა შეზღუდვები იმოქმედებს თეთრიწყაროში - მთავრობის დადგენილება
რა შეზღუდვები იმოქმედებს თეთრიწყაროში - მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის დადგენილება (№267) „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების – დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:

ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) თეთრიწყაროს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თეთრიწყაროში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;

ა.ბ) თეთრიწყაროს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;

ბ) აიკრძალოს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:

ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;

ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;

ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

გ) აიკრძალოს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება;

დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;

ე) შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;

ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;

ე.დ) თეთრიწყაროს ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ე.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ე.ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;

ე.ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა“, – აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, მიმოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

დადგენილების თანახმად, ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

„თეთრიწყაროს ტერიტორიაზე აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის შეიზღუდოს საკუთრების უფლება და გამოყენებულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეძლევა უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია თეთრიწყაროს ტერიტორიაზე.

„ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა/უწყებებმა, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს დამხმარე ფუნქცია.

ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შესაბამის დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილება 26 აპრილიდან ამოქმედდა.