რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება.

კერძოდ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ავრცელებს:

🔴 ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

  • არა, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

🔴 დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

  • არა, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

🔴 დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

  • არა, ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

🔴 ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

  • დიახ, ეს გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც

🔴 ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?

  • დიახ, შესაბამისი წესების დაცვა სავალდებულოა.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და შეზღუდვების მოხსნის ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ – https://stopcov.ge/ka/Gegma