რა წესები იმოქმედებს საბავშვო ბაღებში სწავლის განახლების შემდეგ
რა წესები იმოქმედებს საბავშვო ბაღებში სწავლის განახლების შემდეგ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღეს ბიზნესომბუდსმენთან ერთად გაიმართება დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და ბაღებთან დაკავშირებით საბოლოო პროტოკოლზე შეჯერდებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაღების ფუნქციონირება აღდგება პირველი ოქტომბრიდან. დღეს ბიზნესომბუდსმენთან ერთად გვექნება დასკვნითი შეხვედრა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და შევჯერდებით საბოლოო პროტოკოლზე. ხვალ დამტკიცდება საბოლოო რეკომენდაციები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

წესების საბოლოოდ დამტკიცებამდე, მან მედიასთან ისაუბრა იმ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე, რომლის დაწესებაც საბავშვო ბაღებში იგეგმება. ფერაძის ინფორმაციით, იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში.

„ამ შემთხვევაში, ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელმა უნდა მიიღოს ბავშვი და განახორციელოს შეასაბამისი პროცედურები. გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს, პერსონალს დაუფიქსირდება ტემპერატურა, გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად. დამატებით ბაღის პერსონალს, ამ შემთხვევაში ძიძებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ იმოქმედონ პატარებთან ურთიერთობისას. ასევე, წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს. ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, სულ მცირე 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა. ეს უნდა მოხდეს შესასვლელიდან. ასევე განსაზღვრულია გარკვეული რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე. უნდა შედგეს გრაფიკი, რომ ბავშვების რაოდენობა თითოეულ ჯგუფში დაბალანსებული იყოს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გარდა ამისა, ფერაძე ამბობს, რომ იკრძალება სახლიდან სათამაშოების წამოღება.

„ასევე, ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე, დეტალურად გაიწერება, როგორ უნდა მოხდეს გაშრობა. დეტალური პროტოკოლი, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ამასთან, ფერაძე აღნიშნავს, რომ სკოლები რესურსცენტრებმა შეამოწმეს, ახლა კი შემოწმებას შრომის ინსპექცია განახორციელებს.

„სკოლების ნაწილში შემოწმება განხორციელდა რესურსცენტრების მხრიდან. შემოწმების შედეგად აქვთ დადებითი შეფასება. ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გაცემის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

საბავშვო ბაღებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან, სკოლებში 15 სექტემბრიდან განახლდება.