რა ქონებას ფლობს გიორგი ქობულია - ეკონომიკის მინისტრმა დეკლარაცია შეავსო
რა ქონებას ფლობს გიორგი ქობულია - ეკონომიკის მინისტრმა დეკლარაცია შეავსო

გიორგი ქობულიამ, რომელიც საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მიმდინარე წლის 12 ივლისს დაინიშნა, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულია უძრავ ქონებას, მათ შორის ბინებს და მიწის ნაკვეთებს, მოსკოვში, თბილისში, წყნეთში, ბეთანიასა და ბაკურიანში ფლობს.

ეკონომიკის მინისტრის ავტოპარკში სამი მსუბუქი ავტომობილია. 2008 წელს ქობულიამ 83 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ შეიძინა, 2012 წელს 123 453 ევროს ღირებულების „პორშე პანამერა“, 2014 წელს კი, 2 140 148 რუბლის ღირებულების „მერსედესი E კუპე“.

ეკონომიკის მინისტრს მფლობელობაში ქართული და უცხოური კომპანიების ფასიანი ქაღალდები აქვს. მაგალითად, კომპანია „მაკკინზი და კომპანიაში“, რომელშიც ქობულია მინისტრად დანიშვნამდე მუშაობდა, 2007-2018 წლებში 1,853 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციები აქვს შეძენილი. ქობულიას 3,931 მილიონი აშშ დოლარი და 2,474 მილიონი ევრო აქვს გადახდილი „ნორზერნ ტრასტი“-ს აქციებში, 592 620 დოლარი – „ჯორჯიან კაპიტალის“ ობლიგაციებში, 250 ათასი ევრო „საქართველოს ბანკის“ სტრუქტურირებულ ნოტებში, 551 ათასი დოლარი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებში, 60 ათასი დოლარი „m2“-ის ობლიგაციებში.

2017 წელს ქობულიას თანხები, ძირითადად, ფასიანი ქაღალდების შეძენაზე აქვს დახარჯული. შემოსავლებს შორის ფიქსირდება 112 ათასი ლარი, რომელიც მან ბინის გაქირავების შედეგად მიიღო. საბანკო დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული სარგებელი კი, 8146 ფუნტ სტერლინგს, 213 ლარს, 9609 აშშ დოლარს, 41 686 ევროს და 38 315 აშშ დოლარს შეადგენს.

გიორგი ქობულიას საბანკო ანგარიშები შემდეგ ბანკებში აქვს: „სითიბანკი მოსკოვი“, „საქართველოს ბანკი“ და „ვითიბი 24 მოსკოვი“.
საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობად ქობულიამ დეკლარაციაში 15 ათასი ევრო მიუთითა.

 

დატოვე კომენტარი