რა არის რეტინოლი, აქრობს თუ არა აკნეს და დაბერების ნიშნებს — რას ამბობს მეცნიერება #1tvმეცნიერება
რა არის რეტინოლი, აქრობს თუ არა აკნეს და დაბერების ნიშნებს — რას ამბობს მეცნიერება #1tvმეცნიერება

რეტინოლის კანის მოვლის საშუალებები უცბად ყველგან გამოჩნდა და გვპირდება სუფთა, მბრწყინავ და ახალგაზრდულ კანს.

საინტერესოა, რა სამეცნიერო საფუძველი აქვს ასეთ პრეტენზიებს და არსებობს თუ არა რაიმე რისკები?

შეიძლება უკვე მოგიკრავთ ყური იმისთვისაც, რომ თითქოს, რეტინოლს შეუძლია გაზარდოს მზისგან დამწვრობის რისკი და აკნეც კი გააუარესოს.

ზოგიერთი ადამიანისთვის რეტინოლმა შეიძლება შეამციროს წვრილი ნაოჭების ხილვადობა. თუმცა, ყველასთვის ასე ვერ იქნება. სტატიაში აგიხსნით, რა უნდა იცოდეთ.

რა არის რეტინოლი?

რეტინოლი მიეკუთვნება ქიმიურ ნაერთთა ოჯახს, რომელსაც რეტინოიდებს უწოდებენ. ისინი წარმოებულია ან დაკავშირებულია A ვიტამინთან — ჯანმრთელი კანის, მხედველობისა და იმუნური ფუნქციისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებასთან.

რეტინოიდების მოქმედებს იმიტომ, რომ ჩვენს კანში არსებული ფერმენტები მათ რეტინმჟავის „აქტიურ“ ფორმად გარდაქმნის.

რეტინოლის კრემებისა და სხვა ადგილობრივად გამოყენების ფორმების შეძენა ურეცეპტოდაა შესაძლებელი.

ხშირად მას არეკლამებენ, როგორც „დაბერების საწინააღმდეგოს“, ვინაიდან რეტინოლი ხელს უწყობს წვრილი ხაზების, ნაოჭებისა და კანის გაუარესებული იერსახის წარმოჩენის შემცირებას.

ასევე აქვს ამქერცლავი ეფექტი, რითაც შეუძლია დაცობილი ფორების გახსნა.

აკნეს სამკურნალო ძლიერი რეტინოიდური საშუალებები რეცეპტით გაიცემა, რადგან შეიცავს რეტინმჟავას, რომელიც როგორც პრეპარატი, რეგულირებულია აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში.

როგორ გამოიყენება რეტინოლი კანის მოვლაში

რეტინოლის შესახებ ერთ-ერთი უდიდესი პრეტენზია ისაა, რომ ის ხელს უწყობს დაბერების ხილული ნიშნების შემცირებას.

როგორ ხდება ეს?

ასაკის მატებასთან ერთად, კანის ბარიერი სუსტდება, ხდება გამოშრობის, დაზიანებისა და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი.

ასეთ ბუნებრივ გათხელებას რეტინოლი კერატინოციტების პროლიფერაციის (გამრავლების) გზით ებრძვის; კერატინოციტები არის უჯრედები, რომლებიც კანის ზედა შრეს წარმოქმნიან და მას დაზიანებისა და გაუწყლოებისგან იცავენ.

რეტინოლი ასევე ასტიმულირებს კოლაგენისა (საკვანძო ცილა, რომელიც ქმნის კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის შემანარჩუნებელ ფენას) და ფიბრობლასტების (უჯრედები, რომლებიც კოლაგენს წარმოქმნიან და ხელს უწყობენ კანის სტრუქტურას) წარმოქმნას.

ასევე აჩქარებს კანის მიერ ძველი უჯრედების მოშორებისა და მათი ახლით ჩანაცვლებას.

დროთა განმავლობაში, ეს პროცესები ხელს უწყობს კანზე წვრილი ხაზების შემცირებას, მუქი ლაქების გაქრობას და კანის ტონის გათანაბრებას. კანის იერსახე ხდება უფრო მკაფიო.

მიუხედავად იმისა, რომ ეფექტიანია, ეს ერთ ღამეში არ ხდება.

შეიძლება ასევე გსმენიათ „რეტინოლით გაღიზიანების“ შესახებ — აკნეს დროებითი აღზევება, როცა პირველად იწყებთ ადგილობრივი მოქმედების რეტინოიდების გამოყენებას.

კვლევებით დადგენილია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კანი შეიძლება გაღიზიანდეს და აკნე დროიებით გაუარესდეს კიდეც. თუმცა, ამ ყველაფრის დასაზუსტებლად მეტი კვლევაა საჭირო.

არის თუ არა რეტინოლი უსაფრთხო

კანის მოვლის ტიპური კონცენტრაციით (0.1–0.3%), გვერდითი ეფექტები მსუბუქია.

ადამიანთა უმეტესობას, რომლებსაც რეტინოლის მოხმარების დაწყებისას გაღიზიანება აღენიშნებათ (შეწითლება, გამოშრობა, აქერცვლა), დროთა განმავლობაში უყალიბდებათ შეგუება. ამ პროცესს ხშირად „რეტინიზაციას“ უწოდებენ.

თუმცა, რეტინოლი ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი რადიაციისადმი. რეაქციულობის ასე ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მზისგან დამწვრობა, გაღიზიანება და ჰიპერპიგმენტაციის (მუქი ფერის ლაქები) რისკების ზრდა.

ამ მიზეზის გამო, რეტინოლის პროდუქტების გამოყენებისას, ძლიერ რეკომენდებულია ფართო სპექტრის მზისგან დამცავის (SPF30 ან უფრო მაღალი) გამოყენება.

ვინ უნდა შეიკავოს თავი რეტინოლის მოხმარებისგან

ზოგადად, თინეიჯერებსა და ბავშვებს რეტინოლი არ სჭირდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექიმი დაუნიშნავთ, მაგალითად, აკნეს სამკურნალოდ.

მგრძნობიარე კანისა და ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ეგზემის ან როზაცეას (ვარდისფერი აკნე) მქონეებს რეტინოლმა შეიძლება კანი ზედმეტად გაუღიზიანოს.

რეტინოლის გამოყენებამ კანის მოვლის სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენებამ (მაგალითად, ალფაჰიდროქსიმჟავები) შეიძლება კანი ზედმეტად აქერცლოს და დააზიანოს.

მნიშვნელოვანია, რომ რეტინოლის აქტიური ფორმა, რეტინმჟავა, ტეტრატოგენურია (რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია გამოიწვიოს დაბადების დეფექტები). ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არც ურეცეპტოდ გაცემული რეტინოლის პროდუქტების გამოყენებაა რეკომენდებული.

გონივრულად შეარჩიეთ და შეინახეთ რეტინოლის პროდუქტები

ვინაიდან რეტონოლი კოსმეტიკურ ინგრედიენტადაა კლასიფიცირებული, კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, გაამჟღავნონ მისი კონცენტრაცია საკუთარ პროდუქტებში.

ევროკავშირი გეგმავს ახალი რეგულაციის შემოღებას, რომელიც სახის კოსმეტიკურ პროდუქტებში რეტინოლის კონცენტრაციას 0,3 პროცენტამდე შეზღუდავს.

სიფრთხილის ამ ზომების მიზანია დაუცველი ჯგუფებზე, მათ შორის, ორსულ ქალებზე ზემოქმედების შეზღუდვა, თუ გავითვალისწინებთ თანდაყოლილი დეფექტების რისკს.

შესაბამისად, რეკომენდებულია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებზეც მკაფიოდაა მითითებული, რომ რეტინოლის კონცენტრაცია მათში 0.1%-სა და 0.3%-ს შორისაა.

ამას გარდა, რეტინოლი ცნობილი არასტაბილური მოლეკულაა, რომელიც ჰაერის, სინათლის ან სითბოს ზემოქმედებით დეგრადირდება.

შეარჩიეთ ჰერმეტულად დახურული შეფუთვა, რომელიც ასევე დაცულია სინათლისგან. ამით თავიდან აიცილებთ დეგრადაციის პრობლემებს, რომლებიც შეიძლება განაპირობებდეს მის უმოქმედობას ან ზიანს.

რეტინოლის გამოყენების ყველაზე უსაფრთხო გზა

მთავარია, იმოქმედოთ მცირე დოზით და ნელა — ბარდის ზომის მოცულობის დაბალი კონცენტრაციის პროდუქტი (0,1%) კვირაში ერთხელ ან ორჯერ, სასურველია ღამით; ამის შემდეგ კი, როცა კანი მას უკვე მოერგება, შეგიძლიათ გაზარდოთ სიხშირე და კონცენტრაცია (მაქსიმუმ 0,3%).

რეტინოლის შემდეგ დამატენიანებლის გამოყენება ხელს უწყობს სიმშრალისა და გაღიზიანების შემცირებას.

რეტინოლის გამოყენებისას აუცილებელია მზისგან დამცავის გამოყენებაც.

თუკი აღგენიშნებათ მუდმივი სიწითლე, დამწვრობა ან აქერცვლა, უმჯობესია შეწყვიტოთ პროდუქტის გამოყენება და მიმართოთ დერმატოლოგს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.