რა არის „კროტი“, რომლის გამოც ორი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა
რა არის „კროტი“, რომლის გამოც ორი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა

ქიმიური ნივთიერება „კროტის“ მიღებით გამოწვეული გართულებებით თბილისში, იაშვილის კლინიკაში ორი ბავშვი მკურნალობს. ორივე მათგანი თბილისში ფოთიდან გადმოიყვანეს. ახლობლების განცხადებით, ბავშვებმა,  ტკბილეულის ნაცვლად, მაღაზიაში ნაყიდი „კროტი“ შეჭამეს.

რა არის „კროტი“?

მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, „კროტის“ სახელით ცნობილი საშუალება აქტიურად გამოიყენება დაბინძურებული მილების გასაწმენდად.

„კროტი“ ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით — სითხე, გელი ან ფხვნილი. მიუხედავად სხვადასხვა ფორმისა, შემადგენლობა ყველა შემთხვევაში ერთნაირია.

„კროტი“ შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა:

• ნატრიუმის ჰიდროქსიდი – ამ აქტიური ნივთიერების შემცველობა „კროტში“ 40-60%-ია. ნატრიუმის ჰიდროქსიდი შლის ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში;
• გამოხდილი წყალი (თხევადი პრეპარატის შემთხვევაში) – 25%-მდე;
• კალიუმის ჰიდროქსიდი – თეთრი ფერის, გაუმჭვირვალე, მყარი, კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც წყალში კარგად იხსნება და ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო. იყენებენ საპნის წარმოებაში.

• ანიონოგენური ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება – გამოიყენებენ საწმენდ საშუალებებში;
• ეთილენედიამინტეტრა ძმარმჟავა – გამოიყენება როგორც სამედიცინო, ისე სამრეწველო მიზნებისთვის. უფერო, წყალში ხსნადი კრისტალებია.

ასეთი ქიმიური შემადგენლობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საზიანოა. შესაბამისად, მისი გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.