ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ორი მეტოქე დაამარცხა - მახარაძემ შვედეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები იტალიის ქალაქ ალგეროში (სარდინია), ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე წარმატებებით თამაშობს.

პირველ დღეს საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა – 7:1. დიაკვნიშვილმა და ლომიძემ დუბლი შეასრულეს, თითო-თითო გოლი ქოქოლაძის, ჯალაღანიასა და ჭვრიტიძის ანგარიშზეა.

მეორე შეხვედრაში საქართველომ შვედეთის ნაკრებს 7:3 მოუგო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ჰეთ თრიქი შეასრულა ჯალაღანიამ, დუბლი – მახარაძემ, თითო-თითო გოლი კი დიაკვნიშვილის და ჭვრიტიძის ანგარიშზეა.

განსაკუთრებით ეფექტური იყო გოჩა მახარაძის მიერ შვედებთან გატანილი მეოთხე გოლი, რომელმაც ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, აუტის ხაზთან კარისკენ ზურგით მდგომმა მოულოდნელად კარში დაარტყა და ბურთი „ცხრიანში“ ჩაახვია.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების ღირსებას იცავენ ბათუმის „პორტუსის“ წარმომამდგენლები – კახი თოდაძე, დავით ჯალაღანია, ზურაბ შამილაძე. გუნდის მენეჯერი ბათუმური კლუბის დამფუძნებელი ჯაბა ჭანტურიაა, რომელიც საქართველოში ქვიშის ფეხბურთის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ნორვეგიასთან 22 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.