ბათუმის ბულვარში ქვიშის ფეხბურთის სტადიონი აშენდება - საქართველო ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს #1TVSPORT
ბათუმის ბულვარში ქვიშის ფეხბურთის სტადიონი აშენდება - საქართველო ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს #1TVSPORT

ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს, შეხვედრები 2024 წლის ზაფხულში, 17-21 ივლისს გაიმართება – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველომ ევროპის ქვიშის ფეხბურთის ასოციაციისგან აღნიშნული დივიზიონის მასპინძლობის უფლება ხუთი წლით მოიპოვა. ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა და მატჩების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ტურნირის მასპინძელი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ტრიბუნები 1300 მაყურებელზე იქნება გათვლილი, თავად არენა კი ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„მოხარული ვარ, რომ ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში გაიმართება. ბათუმს სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კუთხით უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და სასიხარულოა, რომ ამჯერად ხუთი წლით ქვიშის ფეხბურთის სახლი გახდება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტურნირის მასპინძლობა რეგიონში ქვიშის ფეხბურთისა და, ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მადლობა აჭარის მთავრობას აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქს კიდევ ერთი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დარჩება. ასევე, წარმატება, მინდა, ვუსურვო საქართველოს ნაკრებს, რომელიც ზაფხულში გასამართ ტურნირზე ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ბათუმელი გულშემატკივარი, რომელიც აქტიურობით ყოველთვის გამოირჩევა, გუნდს საშინაო არენაზე გაამხნევებს“, – განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.