ქვიშის ფეხბურთი | ევროლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა #1TVSORT
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის („ბათუმის საერთაშორისო თასი 2024“) პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.
შეხვედრას ბათუმის ქვიშის არენამ უმასპინძლა, რომელიც საგანგებოდ ტურნირისთვის ბათუმის ბულვარში აშენდა. არენა 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.
მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და პირველი მესამედი ჩვენმა გუნდმა 3:0 მოიგო – გოჩა მახარაძემ ჰეთთრიკი შეასრულა.
ლატვიელებმა თამაშის გამოსწორება სცადეს, მაგრამ კონტრშეტევისას ლევან ფარტენაძემ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. დასკვნით, მესამე მესამედში ლატვიელებმა სხვაობა ერთი ბურთით შეამცირეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე გიორგი ჟორდანიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:1.
ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილებს. A ჯგუფის სამი გუნდი – საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის A დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო B ჯგუფის გუნდები (უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი) საერთაშორისო სარეიტინგო ქულების მოპოვებას შეეცდებიან.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფიში ითამაშებენ და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.
ჩვენს გუნდს პლეი ოფში გასასვლელად ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უნგრეთის დამარცხება სჭირდება. მატჩი 19 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.