ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სტუდენტების მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით გადმოსახედები მოეწყობა
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სტუდენტების მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით გადმოსახედები მოეწყობა

ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა სათანადოდ შერჩეულ ადგილებში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ან გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.

„საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. სულ უფრო აქტიური ხდება შიდა ტურიზმიც. ტურისტებსა და მოგზაურებს შთაბეჭდილებებს არამხოლოდ ტურისტული ობიექტები, არამედ გზების პირას განთავსებული ფუნქციური ნაგებობებიც და განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე ადგილებში მოწყობილი გადმოსახედებიც უქმნია,“ – აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება სტუდენტების ჩართულობით იგეგმება. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც შეადგინეს გადმოსახედების ესკიზური პროექტები. შერჩეული ესკიზური პროექტების ავტორი სტუდენტები ჩაერთვებიან გადმოსახედების მშენებლობის პროცესში და ამ სახით სტაჟირებას გაივლიან მუნიციპალური განვითარების ფონდში.