ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა
ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა

კახეთის რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ე.წ საქმიანი ეზო საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

სატყეო სააგენტოს ცნობით, ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრები და სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.

უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში. მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს, სააგენტო აგრძელებს ხე-ტყის ორგანიზებული დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში. სამუშაოები ამჟამად 14 ობიექტზე – სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს.

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. სააგენტოში განმარტავენ, რომ ამის შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება ხის უკანონო ჭრის რისკები.