ქვეყნის მასშტაბით დღეიდან 27 ახალი სკოლა იწყებს ფუნქციონირებას
ქვეყნის მასშტაბით დღეიდან 27 ახალი სკოლა იწყებს ფუნქციონირებას

2019-2020 სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 27 ახალი სკოლა აშენდა, 141 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 884-მდე სკოლამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით 232 სკოლა სრულად დაიფარა „ვაი ფაი“ (wi-fi) სისტემებით და ამ ეტაპზე სრული დაფარვა 2085 საჯარო სკოლიდან 482 სკოლაშია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის შედეგად, საქართველოს მასშტაბით სკოლების 75 პროცენტი არის ნაწილობრივ ან სრულად რეაბილიტირებული. გაიზარდა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების რაოდენობაც.

დღეიდან ახალი მოდელით სწავლება კიდევ 100 სკოლაში დაიწყო, რისთვისაც ზაფხულის განმავლობაში შეირჩნენ და დატრენინგდნენ მხარდამჭერი ჯგუფები, ხოლო სასწავლო წლის გაზაფხულიდან დაემატება კიდევ 200 სკოლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის „ახალი სკოლის მოდელში“ ქვეყნის მასშტაბით 150 სკოლაა ჩართული. პროექტის ფარგლებში 165-ვე სკოლა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით – პორტაბელური კომპიუტერებით, პროექტორებითა და ლეპტოპის დამტენი კარადებით.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების რეფორმის მორიგი ეტაპის პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად საპილოტე რეჟიმი ერთ სკოლაში, თბილისის 150-ე სკოლაში განხორციელდა, შემდეგ კი პროექტში კიდევ 50 სკოლა ჩაერთო. ხუთ წელიწადში მან საქართველოს ყველა რეგიონში 2085-ვე საჯარო სკოლა უნდა დაფაროს.

პროექტი, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანასთან ერთად, განსხვავებული მეთოდიკით სწავლებასაც გულისხმობს.

გარდა ამისა, 2019-2020 სასწავლო წელს სამინისტროსგან 30 სკოლა მიიღებს დამატებით დაფინანსებას არაფორმალური განათლების პროექტების განსახორციელებლად.