"ქვეყნის იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს"
"ქვეყნის იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის პატიმრობას მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით იყენებდა.

თალაკვაძის თქმით, ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.

„ერთი ნაწილი მესმის, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მთელი დემოკრატული სამყარო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მეორეს მხრივ კი დავინახე, რა მოხდენილად შეაცურე სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური ნიშნით დევნა ახსენე. სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა. ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.