ქვეყნის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტისთვის წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება
ქვეყნის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტისთვის წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება

პარლამენტისთვის ქვეყნის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, აქტიურად გრძელდება მუშაობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე და დასრულების ეტაპზეა დოკუმენტის სამუშაო ვერსია.

„მის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული ბრიტანული მხარე/საერთაშორისო ექსპერტები და სამუშაო პროცესი გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის (Royal United Services Institute) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი წარდგენა უწყებათშორის ფორმატში დოკუმენტის განხილვის მიზნით. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტისთვის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დასამტკიცებლად წარდგენა მ.წ. საშემოდგომო სესიაზე იგეგმება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაც.

„მოცემული ეტაპისთვის, განახლებული და უწყებათშორის ფორმატში შეთანხმებულია დოკუმენტის დიდი ნაწილი. იგეგმება მუშაობის დაწყება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით. გრძელდება რეფორმა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელება გულისხმობს, როგორც უშუალოდ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების დამტკიცებას, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება იმპლემენტაციის აქტიური ფაზა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მყარი ინსტიტუციური არქიტექტურის შექმნასა და უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ანგარიშში.