ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია დაინტერესდა
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია დაინტერესდა

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია დაინტერესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში 20-მდე კომპანიასთან წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა. კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტის ავტორი ესპანური კომპანია IDOM-ის სპეციალისტებისგან.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, 23-კილომეტრიანი გზის და მათ შორის ცხრა კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გეგმავს. გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, პროექტის დასრულების შემდე კი ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მგზავრობა უსაფრთხო იქნება, სატრანზიტო ტრანსპორტს აღარ მოუწევს კურორტ გუდაურის ტერიტორიაზე გავლა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსაა დაგეგმილი, დასრულების ვადა კი 2022 წელია. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს.