ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია  – China Railway Tunnel Group Co ააშენებს.

9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და ჩინური კომპანიის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ზაი ფეიფეიმ მოაწერეს.

პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია ორ მონაკვეთად. ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.

ქვეშეთი-კობის გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია.

„გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9-კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი, აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს. გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.