ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიან გვირაბს ჩინური კომპანია ააშენებს
ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიან გვირაბს ჩინური კომპანია ააშენებს

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მონაკვეთს, რომელიც 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას მოიცავს, ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group ააშენებს.

კომპანიასა და გზების დეპარტამენტს შორის ხელმოსაწერი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ მოიწონა. დოკუმენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაფორმდება.

აგვისტოში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ქვეშეთი-კობის 13-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობაზე. მას კომპანია China Railway 23rd Bureau Group ააშენებს.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ძირითადი დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია, რომელიც საქართველოს 415 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მაგისტრალი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას და ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და გუდაურის ზამთრის კურორტს.