ქვემო სამგორში არსებულ მიწის ნაკვეთზე პროექტი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად განხორციელდება
ქვემო სამგორში არსებულ მიწის ნაკვეთზე პროექტი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად განხორციელდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე გასახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, ადგილობრივებთან კომუნიკაცია დაავალა.

კახა კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან აქტიურობდნენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე სპორტული მოედანი და რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. მინდა, დავავალო როგორც სამგორის რაიონის გამგეობას, ასევე, ჩვენს სამსახურებს, რომ ადგილობრივების ჩართულობით განსაზღვროთ, რისი გაკეთების სურვილი აქვთ ახალგაზრდებს. მათი სურვილი იყო, აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ვიქცევით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ მოედნებს და ამ შემთხვევაშიც, პროექტი მაღალ დონეზე განხორციელდება. მთავარია, ადგილობრივების ჩართულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2 523 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში მდებარეობს.