ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. ა.გ. მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – „გულის“ სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი და 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.  დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.