ქვემო-ქართლში მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა
ქვემო-ქართლში მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,054,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 854,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა საკუთარი დანაზოგია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ფერმა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სამინისტროს ცნობითვე, ფერმა დღეში სამ ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „ნიბა 2008“-ში მუდმივად ხუთი ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის ​(HACCP) გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს.

„სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის“, – აღნიშნულია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.