პროექტში „ფეხბურთი სკოლებში“, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უეფა ერთობლივად ახორციელებენ, კიდევ ერთი სკოლა ჩაერთო, – ინფორმაციას სფფ ავრცელებს.
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესტუმრნენ იმერეთის რეგიონის სოფელ ქვედა სიმონეთის პირველ საჯარო სკოლას, სადაც პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები უფასოდ შეძლებენ რეგულარულად ვარჯიშს.
დაინტერესებულ ბავშვებს საფეხბურთო ვარჯიშებს სფფ-ის მიერ გადამზადებული კვალიფიცირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეებს პირველი საჩვენებელი ვარჯიში ლევან კობიაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ ჩაუტარეს.
პროექტი „ფეხბურთი სკოლებში“, მეორე წელია, მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 40-მდე სკოლაა ჩართული, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.
სფფ პროექტში ჩართულ სკოლებს საფეხბურთო ვარჯიშების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით ასევე სრულად უზრუნველყოფს და სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფასოდ ჩაერთონ ფეხბურთში. ღონისძიება უეფა-ს ყოველწლიური მასობრივი კვირეულის ფარგლებში იმართება.