ქუთაისში წელს პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება
ქუთაისში წელს პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება

16-22 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის, „მსოფლიო ტალანტების“ ერთობლივი პროექტია და მისი მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.

ფესტივალის შემოქმედებითი სტუმრები იქნებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი მუსიკოსები – თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრ კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი.

მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებში“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებაში“, კამერული მუსიკის საღამოში, ფესტივალის საზეიმო გალაკონცერტში.

ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი რაულ მელო ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასსაც ჩაატარებს.

ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის საბაზო კოლექტივია ქუთაისის ოპერის თეატრი – სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. ფესტივალის მთავარი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, მთავარი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე.