ქუთაისში წელს პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება
ქუთაისში წელს პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება

ქუთაისში პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ოპერის თეატრის 50-ე სეზონს დაემთხვა, რომელიც დღეს სპექტაკლით „სოფლის ღირსება“ გაიხსნება. რაც შეეხება ფესტივალს, 16 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს გალაკონცერტით დასრულდება.

გუშინ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წინა საფესტივალო პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებმა ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეების შესახებ ისაუბრეს.

„ეს არის საოცრება, ფესტივალი, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდა ქალაქი. თავდაუზოგავი შრომის შედეგად ფესტივალი შედგა და წარმატებით ჩაივლის. მასში მონაწილეობენ საოპერო ვარსკვლავები და გვიხარია, რომ ქუთაისი უმასპინძლებს მათ“, – განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა დავით ღვინიანიძემ.

ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი დავით ღვინიანიძე და საერთაშორისო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“.