ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელების, სკვერებისა და ქუჩებში განთავსებული ბანკომატების სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო
ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელების, სკვერებისა და ქუჩებში განთავსებული ბანკომატების სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად, ქუთაისში სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მისი თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების, სკვერებში არსებული ატრაქციონების და ქუჩებში განთავსებული ბანკომატების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.

„ქუთაისში უკვე გვაქვს კორონავირუსით დაინიფიცირების ათეულობით შემთხვევა და შესაბამისად, ვამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებსაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს“, – აცხადებს დავით ერემეიშვილი.

სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური.