ქუთაისში, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან აქციის მონაწილეები აკაკი ბობოხიძეს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები, დაპირისპირება იყო.

მმართველი გუნდის მხარდამჭერთა მხრიდან პროტესტი „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის გამოჩენამ გამოიწვია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეები შეეცადნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ ბობოხიძეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, აკაკი ბობოხიძემ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დატოვონ საქართველო. ამჟამად აკაკი ბობოხიძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში იმყოფება.

შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

„თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.