ქუთაისში თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ქუთაისში თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.

მათივე ცნობით, ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა.

„პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგკონტროლის ოთახები. ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. ასევე, სპორტის სასახლეში განთავსდება სპორტული მაღაზია და კაფეტერია. გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 350-ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.