ქუთაისში სოციალურად დაუცველი 3000-მდე ოჯახი დღეს სააღდგომო ნობათს მიიღებს
ქუთაისში სოციალურად დაუცველი 3000-მდე ოჯახი დღეს სააღდგომო ნობათს მიიღებს

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა სასურსათო ამანათები მიიტანეს იმ ოჯახებში, რომლებსაც გამკაცრებული რეგულაციების გამო პროდუქტის შეძენა და მომარაგება უჭირთ.

სააღდგომო ნობათს დღის განმავლობაში ქუთაისში სოციალურად დაუცველი 3000-მდე ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ აქტივობას ქუთაისის მერია ყოველ წელს ახორციელებს.

21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების სრულად აკრძალვის გათვალისწინებით ქუთაისში მცხოვრებ ათასობით ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პროდუქტს საცხოვრებელ ადგილებზე ურიგებს.

რამდენიმე ოჯახში დღეს პირადად იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა, მათ სასურსათო პაკეტები გადასცა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„უკვე ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომელიც გულისხმობს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების აკრძალვას მთელ საქართველოში. შესაბამისად, მოძრაობა შეჩერდა ქუთაისშიც. ამავე დროს, 12:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლაც. ასეთ პირობებში, როცა გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს მარტოხელა მოხუცებზე და ვაგრძელებთ მათთვის პირველადი მოთხოვნილების პროდუქტის თუ საგნების საცხოვრებელ ადგილებზე მიტანას.

ზოგადად, რეგიონში და მათ შორის ქუთაისშიც სიმშვიდეა. მოქალაქეები გამკაცრებულ რეგულაციებს გაგებით ეკიდებიან და ემორჩილებიან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე სასურსათო ამანათები მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიამ მიიღო და ეს პროცესი გაგრძელდება.